Wednesday, December 26, 2007

მესხეთი



მესხები - ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია, ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, მესხეთის მოსახლენი. თანამედროვე მესხებში დღევანდელი სამცხის ანუ ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების მოსახლეობას გულისხმობენ, ზოგიერთ შემთხვევაში აგრეთვე ჯავახებსაც. ხანგრძლივი თურქული ოკუპაციის გამო მესხების ნაწილმა ისლამი მიიღო, მაგრამ შეინარჩუნა ქართული ენა, უძველესი ადათ-წესები, თქმულებები და სიმღერები.


ვახუშტი ბაგრატიონი მესხებს ასე ახასიათებს:
"... თუმცა რამდენიმე საუკუნეა გავლილი მას შემდეგ, რაც მესხნი საქართველოს განშორებულნი იყვნენ, მაგრამ აქამდე ისინი თითქმის არ განსხვავდებიან ქართველებისაგან არც ხასიათით, არც ზნეობითა და ჩვეულებით და არც შინაური ყოფა-ცხოვრებით... საზოგადოდ ხალხი მეტად შრომის მოყვარულია... ქონებით მესხნი შემძლებელი ხალხია. ოჯახობა და სახლ-კარი ლაზათიანად და ფაქიზად აქვთ მოწყობილი. უცხო კაცს უკვირს და მოსწონს იმათი სიფაქიზე და სისუფთავე... კეთილს ცხოვრებას აქ უფრო შეჩვეულია ხალხი, ვიდრე საქართველოს სხვა ნაწილებში..".

ტაო-კლარჯეთი



იმერხეველები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ისინი ცხოვრებენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, ისტორიული ტაო-კლარჯეთის ერთ პროვინციაში - იმერხევის მთიან რეგიონში. მათ დღემდე შენარჩუნებული აქვთ ქართული ენა, კულტურისა და ყოფის რიგი თავისებურებები. იმერხეველები სარწმუნოებით მუსულმანები არიან. მათი მეტყველება ძალიან ჰგავს აჭარულ-გურულს.

ანთროპოლოგიურად იმერხეველები ანუ ტაო-კლარჯები დასავლურ ქართული გარეგნული იერ-სახით და საშუალოზე მაღალი სიმაღლით გამოირჩევიან. ქართული წარმოშობის იმერხეველებს სწორნაკვთოვანი სახე, სწორი ცხვირი, ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა (ღია ჩალისფერიდან წაბლისფრამდე) აქვთ.

ლაზეთი, ჭანეთი




ლაზები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, იგივე ჭანები, წარსულში ერთ-ერთი ქართული ტომი იყო.

ლაზები სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისა (ისტორიული ლაზეთი, ჭანეთი) და მდინარე ჭოროხის აუზის მკვიდრი მოსახლეობაა. ძირითადად ცხოვრობენ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მიმდებარე რაიონში. ლაზები საუბრობენ ქართველური ჯგუფის ზანური (მეგრულ-ჭანური) ენის ლაზურ (ჭანურ) დიალექტზე. თურქეთში მცხოვრები ლაზები მუსულმანები არიან, მაგრამ გათურქების იძულებითი პოლიტიკის მიუხედავად მათ შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა. ლაზების ერთ ნაწილს საერთო ქართული ენობრივი და კულტურული გარემოსგან იზოლაციის გამო ლაზური თვითშეგნება ჩამოუყალიბდა.


ვახუშტი ბაგრატიონი ლაზებს ასე ახასიათებს:
"... კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, არამედ იციან კუალად ქართული ენა ვიეთთამე".

ანთროპოლოგიურად სუფთა სისხლის (ქართული წარმოშობის) ლაზების დიდ ნაწილს ღია ფერის თვალები და ღია ფერის თმა აქვთ. აგებულებით დასავლურ-ქართული, შავი ზღვისპირა გარეგნობით გამოირჩევიან. საშუალოზე მაღალი სიმაღლე, მოგრძო სახე , სწორი ცხვირი და მსხვილი ტუჩები ქართული წარმოშობის ლაზებისთვის დამახასიათებელია. თურქებთან ნარევი ლაზების უმრავლესობას ქართული სახე დაკარგული აქვთ და გარეგნულად აზიური წარმოშობის ადამიანებს მოგვაგონებენ.

საინგილო-ჰერეთი




ინგილოები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ცხოვრობენ ისტორიული ჰერეთის ტერიტორიაზე. ეს მხარე ამჟამად აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის და მოიცავს სამ რაიონს: ბელაქანის, ზაქათალის და კახის. კახის რაიონში მცხოვრებმა ინგილოებმა შეინარჩუნეს ქრისტიანული რწმენა, დანარჩენ ორ რაიონში კი გამაჰმადიანდნენ. გამაჰმადიანებულ ქართველს იანგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად “ახლად მორჯულებულს” ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები “ინგილო” და “საინგილო”. ინგილოები საუბრობენ ქართული ენის ინგილოურ დიალექტზე, რომელიც ახლოსაა კახურ-ქიზიყურთან, აგრეთვე ფერეიდნელი ქართველების მეტყველებასთან.

ფერეიდნელები - ირანის ფერეიდანის მხარეში მცხოვრები ქართველები. ეს ხალხი XVII საუკუნის დასაწყისში შაჰ-აბასს გადაუსახლებია უმთავრესად კახეთიდან და საინგილოდან. უცხოურ გარემოცვაში მათ ქრისტიანობაზე ააღებინეს ხელი და გაამუსლიმანეს. სპარსულმა ენამ იქ თანდათანობით მტკიცედ მოიკიდა ფეხი, მაგრამ ქართული ენა მაინც არ დავიწყებიათ. ფერეიდანში ზოგიერთ სოფელს ქართული სახელი დღემდე აქვს შემორჩენილი. აქაური ქართველები მეტყველებენ ე.წ. ფერეიდნულ დიალექტზე, რომელიც თითქმის 4 საუკუნეა მოწყვეტილია ლიტერატურულ ქართულ და მოძმე დიალექტებს.

კ ა ხ ე თ ი




კახელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ კახეთის მხარის ტერიტორიაზე. კახელები საუბრობენ კახურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. ეთნოგრაფიულ-ლინგვისტური თვალსაზრისით კახელებს შორის ცალკე გამოყოფენ ქიზიყელებს და ინგილოებს.


ვახუშტი ბაგრატიონი კახელებს ასე ახასიათებს:
"... ხოლო კაცნი და ქალნი შუენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართველთა ზნითა, ჩუეულებით და ქცევით, არამედ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი". "ქიზიყელები ამაყი ხალხია. ცოტაოდენს წყენასაც არავის არ დაუთმობენ და არავის ადვილად არ დაებრიყვებიან. დამოუკიდებლობა მათ ძლიერ უყვართ. სიტყვა-პასუხში, სიარულსა და მიხვრა-მოხვრაში ქიზიყელებს აშკარად ეტყობათ, რომ ბატონ-ყმობის უღელი კისერზე არა სდგომიათ და არ დაუჩაგრავს... როცა კარგად დააკვირდები, დარწმუნდები, რომ ესენი ნიჭიერი ხალხია".

თ უ შ ე თ ი


თუშები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ცხოვრობენ თუშეთში - დიდი კავკასიონის ჩრდილოეთ ფერდობებზე, პირიქითა და გომეწრის ალაზნის სათავეებში, აგრეთვე კახეთში - ახმეტის რაიონის ტერიტორიაზე. თუშები საუბრობენ ქართული ენის თუშურ დიალექტზე, ხოლო მათი ერთი ჯგუფი - წოვა-თუშები - აგრეთვე ბაცბურ ენაზე. წარსულში თუშებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებები, რაც მათ განასხვავებდა საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან. ისინი მისდევდნენ მეცხვარეობას, შემონახული ჰქონდათ საოჯახო-თემური ტრადიციები, არიან მაღალგანვითარებული კოშკური არქიტექტურისა და მუსიკალური ხელოვნების შემოქმედნი.


ვახუშტი ბაგრატიონი
თუშებს ასე ახასიათებს:
"ფიზიკურად თუშები მაგარი და ჯანმრთელი ხალხია... თუშის ტიპი ქართულია. მას აქვს სახის სწორი მოყვანილობა, ფერით შავგვრემანია და ტანით საშვალ სიმაღლისა. მთასა და ცხვარში შეზრდილი თუში გულადია; იგი მტერს მტრულად უხვდება და მოყვარეს მოყვრულად. საზოგადოებრივ და საქმიან ცხოვრებაში თუში ზრდილი და თავაზიანია. მას უყვარს შრომა, გარჯილობა და დოვლათის მოხვეჭა. თუში ამასთანავე მომჭირნეა, დროსა და ადგილას ანგარიშიანიც; ის აზროვნებს დინჯად და საღად, თქმაში გონებამახვილია, მოქმედებაში მარდი. თუშები მეტყველებენ წმინდა ქართულით, მხოლოდ ჩაღმის ზოგიერთ სოფლებში, ომალოსა და შენაქოში დღესაც დაცულია ქართული ენის თუშური თქმა, ზოგიერთ ბგერების და სიტყვების თავისებური გამოთქმით".

ანთროპოლოგიურად თუშებს აღმოსავლურ ქართული სახე და აღნაგობა აქვთ. არიან საშუალო სიმაღლის, მკვრივი აგებულების, პირმრგვალი სახით. თუშების უმეტესობას ღია ფერის თვალები და საშუალოზე ღია ფერის თმა (ჩალისფრიდან წაბლისფრამდე) აქვს. ახასიათებთ თხელი ნაკვთები, სწორი, ოდნავ აწეული ცხვირი და თხელი ტუჩები.

ხ ე ვ ს უ რ ე თ ი


ხევსურები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი, ძირითადად სახლობენ ხევსურეთში, დიდი კავკასიონის ორივე მხარეს ხევსურეთის არაგვისა და არღუნის აუზებში. ინტენსიური მიგრაციის შედეგად მათი სოფლები გაჩნდა აგრეთვე ხევში, ერწო-თიანეთში, კახეთში (შირაქი), ქვემო ქართლში (გარდაბანი). ხევსურები ლაპარაკობენ ქართული ენის ხევსურულ დიალექტზე. დიდი ხნის განმავლობაში ხევსურები ინარჩუნებდნენ ტრადიციული კულტურის ნიშნებს: ტანსაცმელი, იარაღი, მრავალიარუსიანი საცხოვრებელი, ადათ-წესები და სხვა.


ვახუშტი ბაგრატიონი ხევსურებს ასე ახასიათებს:
"ფიზიკურად ხევსური ჯანსაღია და მაგარი. ამასთანავე ის ამტანია და გამრჯე. ხევსური საშუალო ტანისაა, მხარბეჭიანი და კუნთებმაგარი. სახით ის გარუჯულია და პირმრგვალი. ცხვირი ხევსურს სწორი მოყვანილობისა აქვს, თვალები დიდი და ლურჯი. ქცევაში დინჯია, მოქმედებაში კი მარდი. გულადობა და გამბედაობა ხევსურს არ აკლია და თავის პიროვნების დასაცავად თავგანწირვამდის მიდის. გულზვიადი და თავმოყვარე ხევსური ზნეობრივ შეურაცხყოფასა და ფიზიკურ სიმახინჯეს ვერ იტანს და თვითმკვლელობასაც სჩადის. უცხოსთან ხევსური ამაყია, მას ხევსურობით თავი მოაქვს, უცხოური არ მოსწონს და მას არც ბაძავს. ამასთანავე ხევსური ფრთხილია და იჭვიანი. ის ადამიანს ძნელად თუ დაენდობა, მაგრამ დანდობილს ხევსური სამარემდის ჩაჰყვება და არ უღალატებს. ხევსურის ქალი ტანით ჯმუხია და ქცევით დინჯი, მას ქალური სინაზე აკლია და მამაკაცური იერი გადაკრავს. ხევსურ ქალსაც ახასიათებს სიმარდე და გულადობა. მაგრამ შრომისა და მძიმე სოციალური პირობების გამო ხევსურ ქალს სევდიანი და მოღუშული გამომეტყველება აქვს. მრუშობა და გარყვნილება ხევსურს ეჯავრება და მას აქ ადგილი არა აქვს".

ანთროპოლოგიურად ხევსურები გამოირჩევიან აღმოსავლურ-ქართული ტიპის სახით, მთიან რეგიონში და უგზო პირობებში ცხოვრების გამო, ხევსურთა უდიდესი ნაწილი გამხდარია. ხევსურების უმტესობას თვალები ღია ფერის აქვს, თმის ფერი კი ქერადან მუქ წაბლისფრამდე მერყეობს. სავსურულ სახესა და ნაკვთებს უფრო თხელი და წყობილი ეთქმის.

ფ შ ა ვ ი


ფშავლები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, ფშავის არაგვის აუზში. მათი კომპაქტური დასახლებებია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში: ერწო-თიანეთი, კახეთი. საუბრობენ ქართული ენის ფშაურ დიალექტზე. წარსულში ფშავლები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით: ისინი ცნობილნი იყვნენ შალეულის ნაწარმის დამზადებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების ბრწყინვალე ნიმუშებით და სხვა.


ვახუშტი ბაგრატიონი ფშავლებს ასე ახასიათებს:
”ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიად" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს "ჩემს ძმას": "ვაჰმე, ჩემო ძმაო." ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...".

ხ ე ვ ი


მოხევეები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული ხევის ანუ თანამედროვე ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე, აგრეთვე მისი მოსაზღვრე ჩრდილოეთ ოსეთის სოფლებსა და ქალაქ ვლადიკავკაზში. მოხევეები საუბრობენ ქართული ენის მოხევურ დიალექტზე და გამოირჩევიან კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებებით.


ვახუშტი ბაგრატიონი მოხევეებს ასე ახასიათებს:
"თავიანთი ფიზიკური აღნაგობით მოხევეები საშუალო ტანისა არიან. სხეულის სიმკვრივესთან ერთად მათ ახასიათებთ ფიზიკური ჯანმრთელობა და მოქნილობა. ტიპიური მოხევე სახით უფრო პირმრგვალია, აქვს სახის სწორი მოხაზულობა და შავგვრემანი ფერი. ფიზიკურ სისაღესთან მოხევე გულადია, მოსაქმე, მარდი და გამბედავი... მოხევე თავისი ენის მოსიყვარულეა. მიუხედავად იმისა, რომ მას მჭიდრო ეკონომიურ-კულტურული კავშირი აქვს კავკავთან და სხვა უცხო ქალაქებთან, ის მშობლიურ ენას არ ივიწყებს. ენის სიწმინდის შერყვნა მოხევეს სამარცხვინოდ მიაჩნია. მოხევეები მეტყველებენ დინჯად და გარკვევით. გონებამახვილობასთან მათ ახასიათებთ ნათელიაზროვნება და სწრაფი მოფიქრება. საუბრის დროს მოხეურად უქცევენ".

მ თ ი უ ლ ე თ ი


მთიულები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული მთიულეთის ტერიტორიაზე, დუშეთის რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდინარე მთიულეთის არაგვის ხეობაში. მთიულთა კომპაქტური დასახლებები არის შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთში. საუბრობენ ქართული ენის მთიულურ დიალექტზე და გამოირჩევიან კულტურისა და ყოფის ზოგიერთი თავისებურებებით.

გუდამაყრელები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, გუდამაყრის არაგვის ხეობაში. საუბრობენ ქართული ენის მთიულურ-გუდამაყრულ დიალექტზე. გუდამაყრელები ქრისტიანული რწმენის მიმდევრები არიან, საქართველოს სხვა კუთხეების მცხოვრებთაგან განსხვავდებიან ყოფისა და კულტურის ზოგიერთი თავისებურებებით. გუდამაყრელებს ხშირად მთიულებთან აიგივებენ.

ვახუშტი ბაგრატიონი მთიულებს ასე ახასიათებს:
"ფიზიკური აღნაგობით მთიულები საშუალო ტანისანი არიან, მათ ახასიათებს სხეულის სიმკვრივესთან სახის ლამაზი მოყვანილობა. შეიძლება ითქვას, რომ მათში დღემდე დაცულა ქართულ სილამაზის ტიპიური იერი. მეტყველებენ წმინდა ქართული ენით, დინჯად და გარკვევით... ზნეობრივად მოსახლეობა საკმაო სიმაღლეზე სდგას. ყაჩაღობა, ქურდობა და მკვლელობა აქ იშვიათი შემთხვევაა. სტუმართმოყვარეობისა და პურმარილის ადათებს ჯერ კიდევ მტკიცედ მისდევენ".

ქ ა რ თ ლ ი



ქართლელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ შიდა ქართლში (მდინარე მტკვრისა და მისი შენაკადების ხეობები), ქვემო ქართლში, თორში. საუბრობენ ქართლურ დიალექტზე, რომელიც ლიტერატურული ქართული ენის ერთ-ერთი საფუძველია. წარსულში ქართლელები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით.


ვახუშტი ბაგრატიონი ქართლელებს ასე ახასიათებს:
"... მშვიდობიანი ხასიათით წინათ ქართლელები სჯობდნენ კახელებსაცა და იმერლებსაც. ამისი მიზეზი ჯერ ის იყო, რომ ქართლს შუაგული ადგილი უჭირავს საქართველოში და მცხოვრებლებზე სხვადასხვა ველურ ხალხებს გავლენა ნაკლებად ჰქონდათ. მეორე მიზეზი ხვნა-თესვის მიდევნაა. ხვნა-თესვა ყველა საქმეზე მშვიდობიანი და ალალი საქმეა. აქ არავითარი ადგილი არა აქვს მოყვასის მოტყუებას, რაიც ჩვეულებად გადაჰქცევია აღებ-მიცემის ხალხს. თუ გლეხი მუყაითად გაირჯება და ღმერთიც ამინდს მისცემს, კარგი მოსავალი მოუვა, თუ არადა, ნათესი მოუცდება. საკუთარი მარჯვენა და ღვთის ნება - აი ერთადერთი იმედი მხვნელ-მთესველისა. ამიტომ ხვნა-თესვა ხალხს წყნარის თვისებებისას ჰხდის და ძლიერ კარგი გავლენა აქვს ზნეობაზე. ამის გამო ერთმანეთის მტრობა, შფოთი და შური ქართლელებში უფრო იშვიათი იყო, ვიდრე სხვა ჩვენებურს მცხოვრებლებში. ოღონდ კი ქართლელს წმინდა სინდისი ჰქონოდა, თავისი თავი პატიოსან კაცად ეცნო, თორემ სხვისას მაგდენს არაფერს დაგიდევდა. ქართული ანდაზა: "თუ თავი ჩემი მეგობრად მყავს, ღარიბად არ ვიხსენიებიო" სწორედ ქართლელზე იყო გამოჭრილი...".

რ ა ჭ ა



რაჭველები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ მდინარე რიონის ზემო წელზე, ამბროლაურისა და ონის რაიონებში. რაჭის გარდა მათი კომპაქტური დასახლებებია ქვემო ქართლშიც - თეთრი წყაროსა და ბოლნისის რაიონებში. წარსულში ცნობილი იყვნენ როგორც განთქმული მშენებლები და ხაბაზები.რაჭველებისთვის დამახასიათებელი იყო კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები. საუბრობენ ქართული ენის რაჭულ დიალექტზე. ანთროპოლოგიურად (ქვემო)რაჭველები დასავლურ ქართულ ტიპს განეკუთვნებიან , რომელიც შავი ზღვის პირის ქართველებისგან ოდნავ ფართო სახით, შედარებით მსხვილი აღნაგობით გამოირჩევიან. ქვემო რაჭველები ხასიათდებიან საშუალოზე მაღალი აღნაგობით, ღია ფერის (ქერა, ძალიან ღია წაბლისფერი)თმითა და ღია და საშუალოზე ღია ფერის თვალებით (ცისფერიდან მუქ თაფლისფრამდე) ზემო რაჭველები განეკუთვნებიან კავკასიონის ქართულ ტიპს და გამოირჩევიან მკვეთრი ბრაქიკეფალიით, შედარებით დიდი ზომის თავით, მაღალი და ფართო ცხვირით, თხელი ტუჩებით, საშუალო შეფერილობის (მუქი ქერა, ღია წაბლისფერი) თმით და საშუალოზე ღია ფერის (ცისფერი, ლურჯი, მწვანე, მუქი მწვანე, თაფლისფერი) თვალებით.

ვახუშტი ბაგრატიონი რაჭველებს ასე ახასიათებს:
"... რაჭას ძლიერ მშრომელი და მუყაითი ხალხი ასხია. აქ მარტო მამრობითი სქესი არ მუშაობს; ქალებიც მონაწილეობას იღებენ ყველა შრომაში... არა გვგონია, რომ საქართველოს რომელსამე კუთხეში ამ გვარი გამრჯელი ხალხი იპოვებოდეს, როგორც აქ, რაჭაში. თვით მათი აგებულების მოყვანილობა იმათ მხნეობას ცხადად გვიჩვენებს. ისინი კარგად ჩასხმულნი, ზომიერის ტანისა, მხარბეჭიანნი და ძარღვიანნი არიან. იმათი ტანსაცმელი დიდად არ განსხვავდება იმერლების ტანისამოსისაგან, მხოლოდ ზოგს მათგანს ხშირად ზურგზე დააქვს ცხვრის გუდა ან ხბოს ტყავის ხალთა, რის გამოც ვაკელები (ქვემო იმერლები) რაჭველებს დასცინიან... რაჭველები მძიმე ხალხია, იმათ აკლიათ თავისი საკუთრების ღირსების გრძნობა, თავიანთი თავის იმედი, რომელიც ძვირფასი რამ არის ხალხისათვის. არ არის საქები ის კვეხნა და ტრაბახი, რომელიც ზოგიერთმა კახელებმა და იმერლებმა იციან; მეორეს მხრით, არც თავის დამცირება და თავისი პატივის მოკლება ვარგა, როგორც რაჭველებს სჩვევიათ. ერთს გურულს გლეხსა ჰკითხეს: "აზნაური ხარ, თუ ყაზახიო (იმერეთში გლეხებს ყაზახს ეძახიან) და იმან თავმომწონედ უპასუხა: "კაი კი ვარ, კილავ, და რას ჩივი შენ, აზნაური ვარ, თუ არაო”. ამ გვარს პასუხს ვერასოდეს ვერ გაიგონებდი რაჭველი გლეხისაგან წინათ".

ლ ე ჩ ხ უ მ ი


ლეჩხუმელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ ისტორიული ლეჩხუმის, დღევანდელი ცაგერის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარე ცხენისწყლის შუა დინებაზე, აგრეთვე მის მიმდებარე რაჭისა და იმერეთის სოფლებში. კულტურისა და ყოფის თავისებურებებით ლეჩხუმელები ახლოს არიან რაჭისა და მთიანი იმერეთის მოსახლეობასთან, საუბრობენ ქართული ენის ლეჩხუმურ დიალექტზე. წარსულში მათი ძირითადი საქმიანობა იყო მემინდვრეობა (სიმინდის და ხორბლის მოყვანა) და მევენახეობა.

ს ვ ა ნ ე თ ი


სვანები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ სვანეთში, მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გულრიფშის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში (დალის ხეობა, ისტორიული მისიმიანეთი, იგივე აფხაზეთის სვანეთი). სვანი ეკომიგრანტები დღეს საქართველოს ბევრ რეგიონშია ჩასახლებული: იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი. სვანურ ტომებს წარსულში უზარმაზარი ტერიტორია ეკავათ დიდი კავკასიონის როგორც სამხრეთ კალთებზე, ასევე ჩრდილოეთში (მდინარე ყუბანის ზემო წელში). სვანური ტომები ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო, რომლის საფუძველზე მოხდა თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირება. წარსულში სვანებს ახასიათებდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები, როგორებიც იყო კოშკური არქიტექტურის ორიგინალური ფორმები, ალპური მეურნეობის განვითარება, სამხედრო დემოკრატიის გადმონაშთები და სხვა. სვანების დიდი ნაწილი ორენოვანია: ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფაში იყენებენ სვანურს, რომელიც ქართველურ ენებს მიეკუთვნება.


ვახუშტი ბაგრატიონი სვანებს ასე ახასიათებს:
”ქართველების ტომის უფრო შორეულს შტოს სვანები შეადგენენ... სვანების ცხოვრებაში ბევრს ქართველურ ჩვეულებასა და ხასიათს ხედავს მოგზაური... სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ... პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს: ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს, სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს... როგორც სხვა მთის ხალხს, ისე სვანებსაც თავისი სამშობლო მეტისმეტად უყვართ. სვანი ძნელად დასტოვებს თავის ქვეყანას მოკლე ხნობითაც კი. ბევრი სვანი ისე დაბერდება, რომ ლეჩხუმის მეტი მხარე არა ნახოს. ბევრს ზემო სვანელს არ უნახავს ქვემო სვანეთი. უცხო ქვეყნის ჰაერი სვანებზე ცუდად მოქმედობს... თუ ჰკითხავ, რატომ ზამთარში იმერეთში სამუშაოდ არ ჩამოდიხართო, სვანები მაშინვე მოგიგებენ, ჰავისა გვეშინიანო... უმთავრესი ზნეობითი სენი სვანებისა არის მოსისხლე მტრობა...".