Wednesday, December 26, 2007

ფ შ ა ვ ი


ფშავლები - ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. ძირითადად ცხოვრობენ დუშეთის რაიონში, ფშავის არაგვის აუზში. მათი კომპაქტური დასახლებებია აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში: ერწო-თიანეთი, კახეთი. საუბრობენ ქართული ენის ფშაურ დიალექტზე. წარსულში ფშავლები გამოირჩეოდნენ კულტურისა და ყოფის ადგილობრივი თავისებურებებით: ისინი ცნობილნი იყვნენ შალეულის ნაწარმის დამზადებით, ხალხური ზეპირსიტყვიერების ბრწყინვალე ნიმუშებით და სხვა.


ვახუშტი ბაგრატიონი ფშავლებს ასე ახასიათებს:
”ფიზიკურად ფშაველი ჯანსაღია. მოქმედებაში ის მარჯვეა და შრომის ამტანი. სიმაღლით ფშაველი შუა ტანისაა, თხელი და სწორი აგებულების. სახით კი შავგვრემანია და ლამაზი მოყვანილობისა. სახის იერით ფშაველი უფრო ბარის ქართველს წააგავს და ფიზიკურ სიმახინჯეს მათში იშვიათად შეხვდებით. ხასიათით ფშაველი თავაზიანია და ხათრიანი. საზოგადოებაში ფშაველი ქალი თუ კაცი თამამია და უადგილო მორცხვობა და პირის არიდება ფშავში სიმდაბლის ნიშანია. ფშაველი, ამასთანავე, ალერსიანია და არშიყი. ფშაველი გულჩათხრობილი არ არის, მას უყვარს მხიარულება, შაირობა და დროს ტარება. სტუმრის დახვედრა, მისი პატივისცემა და გართობა მათში მიღებულია. ქურდობა-ავაზაკობას ფშაველი არ ჩაიდენს და ეს სამარცხვინოდ მიაჩნია. ამასთანავე, ფშაველი შარიანი და მოჩხუბარიც არ არის და ამგვარ შემთხვევას ის შეგნებულად გაურბის. ფშაველი გონებამახვილია, ტკბილად მოუბარი, ენაწყლიანი და მოლექსე. მას ეხერხება ლექსის "კაფიად" თქმა და მოსწრებული სიტყვა-პასუხი. ფშავლებს მოსწონთ კარგი ენიანობა და თავაზიანობა და ასეთ პირსაც პატივსა სცემენ. ფშაველი ქალი თამამია, მარტო დადის, ლაპარაკის დროს გამბედავია და თამამი. ყოველ სიტყვაზე ის ატანს "ჩემს ძმას": "ვაჰმე, ჩემო ძმაო." ფშავლები ქართულად მეტყველებენ და მათ დღევანდელ თქმას უკვე არ ახასიათებს კილოკავი... ფშავლები სწავლა-განათლებას ეტანებიან. ამისათვის მათ ნიჭი და უნარიც შესწევთ...".

No comments: