Wednesday, December 26, 2007

სამეგრელო


მეგრელები - ქართველთა ეთნოგრაფიული ჯგუფი. წარსულში მათ ეკავათ ისტორიული კოლხეთის ცენტრალური რაიონები და მთისწინეთი, ამჟამად - რიონის, ხობის და ენგურის სანაპიროები, კომპაქტურ ჯგუფებად ცხოვრობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რიგ რაიონებში (გალი, ოჩამჩირე, სოხუმი). წარსულში ქართებთან, სვანებთან და სხვებთან ერთად მეგრულმა ტომებმა შეადგინეს თანამედროვე ქართველი ხალხის ფორმირების საფუძველი. მეგრელების დიდი ნაწილი ორენოვანია, ისინი საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში - აგრეთვე მეგრულ ენაზე, რომელიც ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. უახლოეს წარსულამდე მეგრელებს შენარჩუნებული ჰქონდათ კულტურისა და ყოფის ლოკალური თავისებურებები.


ვახუშტი ბაგრატიონი მეგრელებს ასე ახასიათებს:
"მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება... შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში... მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით... გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება... და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა. ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან... თავი და თავი ზნეობითი სენი სამეგრელოსი არის ქურდობა შინაურის პირუტყვისა, მეტადრე ცხენისა...".

No comments: